ოლეგზე ბევრად უფრო ადრე მისი ვაჟი, სოსო გავიცანი - უნივერსიტეტის პირველკურსელი, იმ სტუდენტური შიმშილობის მონაწილე, რომელმაც სამტრედიაში რკინიგზის ბლოკირებასთან ერთად ამ ქვეყანას პირველი ( და მგონი ჯერჯერობით უკანასკნელიც) თავისუფალი არჩევნები მოუტანა. სხვათაშორის, უცნაურია, რომ რკინიგზის აქციისგან განსხვავებით, ამ შიმშილობას აუგად ან აგდებულად არავინ იხსენიებს. ზვიადი მოშიმშილეთა მშობლებს აწყნარებდა - ნუ გეშინიათ მალე დამთავრდება ეს ყველაფერიო. ოლეგი კი ისედაც მშვიდად ყოფილა - არა იმიტომ, რომ შვილის ჯანმრთელობა არ ედარდებოდა... მერე "ქვეყანა ეირია, ჩემო ბატონო." ძალიან მიყვარს პერიოდის აღმნიშვნელი ეს გამოთქმა, რადგან ქართველებში თანხმობის ლამის ერთადერთი მაგალითია; ყველა სიამოვნებით იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ და ძირითადად ურთიერთგამომრიცხავ აზრს ანიჭებს. სოსო და მე "ბუნკერში" ერთად მოვხვდით. მე მეკუთვნოდა, როგორც დეპუტატს, სოსოს - ალბათ როგორც "ქვეყნის არევაში" წილდადებულს. იქედან ტყვიის წვიმაში ერთად გამოვაღწიეთ. მერე ზუგდ...