ოლეგზე ბევრად უფრო ადრე მისი ვაჟი, სოსო გავიცანი - უნივერსიტეტის პირველკურსელი, იმ სტუდენტური შიმშილობის მონაწილე, რომელმაც სამტრედიაში რკინიგზის ბლოკირებასთან ერთად ამ ქვეყანას პირველი ( და მგონი ჯერჯერობით უკანასკნელიც) თავისუფალი არჩევნები მოუტანა. სხვათაშორის, უცნაურია, რომ რკინიგზის აქციისგან განსხვავებით, ამ შიმშილობას აუგად ან აგდებულად არავინ იხსენიებს. ზვიადი მოშიმშილეთა მშობლებს აწყნარებდა - ნუ გეშინიათ მალე დამთავრდება ეს ყველაფერიო. ოლეგი კი ისედაც მშვიდად ყოფილა - არა იმიტომ, რომ შვილის ჯანმრთელობა არ ედარდებოდა...
მერე "ქვეყანა ეირია, ჩემო ბატონო." ძალიან მიყვარს პერიოდის აღმნიშვნელი ეს გამოთქმა, რადგან ქართველებში თანხმობის ლამის ერთადერთი მაგალითია; ყველა სიამოვნებით იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ და ძირითადად ურთიერთგამომრიცხავ აზრს ანიჭებს. სოსო და მე "ბუნკერში" ერთად მოვხვდით. მე მეკუთვნოდა, როგორც დეპუტატს, სოსოს - ალბათ როგორც "ქვეყნის არევაში" წილდადებულს. იქედან ტყვიის წვიმაში ერთად გამოვაღწიეთ. მერე ზუგდიდში შევხვდით, "დაუმორჩილებლობის კომიტეტში," იქედან სოხუმში ავღმოჩნდით, ბოლოს - თებერვლის შუა რიცხვებში - გროზნოში ამოვყავით თავი...
ხშირად მიფიქრია - სოსოს მშობლები ალბათ ფირობენ ჩემზე - ვინაა ეს არხეინი და უპასუხისმგებლო კაცი, თავისზე ოცი წლით უმცროს ყმაწვილს რომ არ ეშვება და აქეთ-იქით, ცხელ წერტილებში დააბოდიალებს (თუმცა ვინ ვის -საკითხავი იყო)… გოლიაძეებთან ოჯახში ამ ამბებიდან 8 წლის შემდეგ, ემიგრაციიდან დაბრუნებისთანავე მოვხდი. ოლეგის შტუცერიან და ხატევარ-ხიშტებიან, წიგნებით სავსე ბუნაგში გურული ჭაჭით გამასპინძლების შემდეგ ატეხილმა ირლანდიურმა ჯიგამ ეს ფიქრი სრულიად გააცამტვერა - დიდი ხნის ნაცნობ უფროს მეგობრებთან ავღმოჩნდი.
მას შემდეგ ხშირად შევხვედრილვართ, რა თქმა უნდა, ძირითადად ოლეგის ტერიტორიაზე (ვფიქრობ ამ თვალსაზრისით დადებით ბალანსს ვერავინ დაიკვეხნის), ერთი-ორჯერ – ჩვენთანაც. ერთხელ ჩვენსა ერთ ასეთ, ცოტა არეულ სუფრაზე ოლეგმა თამადობა ჩამომართვა და საქმეც სწრაფად გამოასწორა “ერთსიტყვიანი სადღეგრძელოებით,” მერე კი მითხრა - ასეთი რამ არასდროს გააკეთოო. როგორი მეთქი? თამადობა არასდროს არავის დაუთმოო. ნეტავ რატომ? დღესაც არ ვიცი...
მერაბ კიკნაძე
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი
Comments
Post a Comment